პარლამენტში ზეწოლის გარეშე ბრძოლა არ იქნება ეფექტიანი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
“მე მიმაჩნია, რომ პარლამენტში ბრძოლა ზეწოლის გარეშე და იმის გარეშე, რომ ჩვენ წინასწარ მივაღწიოთ რაღაცა შეთანხმებას, პარლამენტში რისთვის ვიბრძვით, არ იქნება ეფექტიანი.
ელჩს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები. ჩვენ ხომ ვიცით როგორ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რასაც მივაღწიეთ 8 მარტს და მინდა შეგახსენოთ, რომ 8 მარტის შეთანხმება დღეს ბოლომდე შესრულებული არ არის იმიტომ, რომ ერთი პოლიტპატიმარი რჩება ციხეში, რომელიც ჩვენ ძალიან ნათლად მიგვაჩნდა, რომ იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. გიორგი რურუა დარჩა ციხეში და სწორედ ამიტომ ჩვენ დავკარგეთ შანსი, რომ ოპოზიციასაც მხარი დაეჭირა იმ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც მივიღეთ.
მე ვფიქრობ, რომ შედეგის მიღწევა ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და კარგია, მივესალმები იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და მთავარ ერთ-ერთ ფასილიტატორ ელჩს და ერთ-ერთ მთავარ ფასილიტატორს ამ პროცესის, მიაჩნია, რომ შანსი შეთანხმების კიდევ არის.
ჩვენი მხრიდან მხოლოდ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ამავე დროს, მომწონს ის და მივესალმები, რომ იზრდება დაინტერესება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით, ზოგადად, ჩვენს პარტნიორებში, ევროკავშირშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, რომ დღესასწაულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ჩართულობა დასავლეთიდან ამ პროცესებში და მივესალმები, რომ ოპტიმისტურად უყურებს ელჩი ამ პროცესს, მაგრამ ამავე დროს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ოპტიმიზმი, რომელსაც მე ვიზიარებ, რეალიზდება შედეგით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” გამოავლენს პოლიტიკურ ნებას შეთანხმების მისაღწევად იმიტომ, რომ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე,” – განაცხადა სამადაშვილმა.