მავნებლურია განცხადებები, რომელიც გაკეთდა თურქეთის წინააღმდეგ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშო ქსელში, მეზობელი სახელმწიფოსგან ეს არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი“.
„ასეთი განცხადებების გაკეთება არათუ საჭირო არ არის, არამედ მავნებლურია ასეთი საჯარო განცხადებები, როგორც ეს დღეს გაკეთდა თურქეთის სახელმწიფო წინააღმდეგ. უბრალოდ, ამის საჭიროება არ არის და ამით ვინმეს არც ქულები ჩაეწერება. პირიქით, ალბათ, დამაზიანებელი იქნება ასეთი განცხადებების კეთება, რადგან კონსულტაციები უკვე შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ადამიანი საკითხში მინიმუმ უნდა გაერკვეს და განცხადებები შემდეგ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.