დაიბლოკა, ანუ ვერ დაიბლოკა…
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქართულენოვანი ვებგვერდები, რომლებიც ტერორისტული გაერთიანების ”ისლამური სახელმწიფოს” ვიდეოებს ავრცელებს, გაითიშა.
ქართველი მომხმარებლებისთვის მართლაც მიუწვდომელია ის ვებგვერდები, სადაც ტერორისტები საქართველოს მისამართით მუქარის ვიდეოებს აქვეყნებენ. თუმცა მათზე შესვლა თავისუფლად შეიძლება უცხოური აიპი-მისამართით, მათ შორის საქართველოდანაც, პროქსი სერვერების საშუალებით. ანუ, გამოდის, რომ ამ საიტებზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა, ვინც ინტერნეტი საშუალო მომხმარებელზე ოდნავ უკეთესად იცის.
„მეტრონომმა“ ექსპერიმენტის სახით სცადა ამ ვებგვერდებზე პროქსი სერვერიდან შესვლა და ეს დაუბრკოლებლად მოახერხა. ერთ-ერთ ვებგვერდზე სავარაუდო ტერორისტების განცხადებაც დევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით:
„მათ, /სუს-მა/ პრიმიტიული შესაძებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ ის შეძლეს რომ ჩვენს საიტზე საქართველოდან შესვლა შეზღუდეს. მაგრამ საიტი მისაწვდომია უცხოეთიდან, ასევე საქართველოსთვის შევქმენით მეორე საიტი რითაც ჩვეულებრივად ისარგებლებთ და მიიღებთ სიახლეებს ისლამური სახელმწიფოდან / საიტის მისამართი/“ – წერენ ISIS-ის მებრძოლები საიტზე. ჩვენ სპეციალურად არ ვაქვეყნებთ მათ ახალ მისამართებს.
მათ მიერ ოპერატიულად შექმნილი საიტი, რომელიც განცხადებაშია ნახსენები, ასევე მიუწვდომელია საქართველოში პროქსი სერვერის გარეშე.
და რაც ყველაზე მთავარია – სუს-ის აკრძალვის შემდეგ მუქარის ვიდეოები ISIS-ის წევრებმა ათობით ასატვირთ სერვერზე განათავსეს, ანუ ვიდეოების მისამართები განაახლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ნახვა კვლავ შეუძლია ყველა მსურველს და სახელმწიფო დონეზე სპეციალური მიმართვის გარეშე, ქართული სერვერებიც ვერ დაბლოკავენ, მაგალითად, გუგლ დრაივს.
ექსპერიმენტის შედეგად “მეტრონომმა” ასევე გაარკვია, ტერორისტები Go Daddy-ს სერვისით სარგებლობენ, სერვერი კი ამერიკაში, არიზონას შტატშია განთავსებული.
ასე რომ, ამ ვებგვერდების სრული დაბლოკვა და ინტერნეტსივრციდან გაქრობა სრულიად არარეალურია Go Daddy-სთვის სახელმწიფოს მიერ ოფიციალური მიმართვის და მოთხოვნის გარეშე.
ტექსტში ჩვენ სპეციალურად არ ვუთითებთ ახალი ვებგვერდების მისამართებს.