“ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
სიტყვა “რევოლუცია” რადგან მიზანშია ამოღებული, რევოლუციაზე დავწერ.
რევოლუცია არის დომინანტი საზოგადოებრივი ღირებულებების, პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური კურსის სწრაფი, ძირეული და რადიკალური ცვლილება.
რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც ჩნდება სოციალური ჯგუფი, რომელსაც ჩამოყალიბებული სისტემის შიგნით საკუთარი ინტერესების განხორციელების მექანიზმი ერთმევა და სისტემის მიღმა რჩება.
როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს და ცვლილებები სისტემის ფარგლებში შესაძლებელია – ანტისისტემურ ნაწილს რევოლუციის საყრდენი არ გააჩნია.
ანუ ვინც არ უნდა ყბედობდეს და რასაც არ უნდა ყბედობდეს რევოლუციაზე – მანამდე, სანამ ამ ჯგუფს ცვლილებების განხორციელება სისტემის ფარგლებში შეუძლია, რევოლუცია ვერ მოხდება.
რევოლუცია ხდება მხოლოდ ხელისუფლებიდან გამომდინარე – თუ ხელისუფლება არ იძლევა შესაძლებლობას პოლიტიკური ცვლილებები არსებული სისტემის და არსებული ინსტიტუტების ფარგლებში განხორციელდეს და ხალხის ნებაზე ძალადობს, თამაშგარეთ დარჩენილი ჯგუფი სისტემის ნგრევას იწყებს გარედან.
რევოლუციის სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენს ქმნის მხოლოდ ხელისუფლება.
სხვა ყველაფერი ძალაუფლებაზე შეშლილი ხალხის სასოწარკვეთილი ბოდვაა.
რევოლუცია ამ ქვეყნისთვის კარგი არ არის – ველურები ხომ არ ვართ? 30 წელი ის ვერ შევძელით ერმა, რომ ცივილიზებულად მოვიქცეთ და ცივილიზებულად ვცვალოთ ხელისუფლება.
ამიტომ ყველა, ვინც რევოლუციაზე ოცნებობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის კარგი არ უნდა.
მაგრამ საფუძველი რევოლუციურ ჰალუცინაციებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებამ შეიძლება შეუქმნას.
ელჩებმა კარგად უნდა გაიაზრონ ეს რეალობა და რევოლუციური ცვლილებები თუ ჩემსავით არ უნდათ, ხელისუფლებაზე წნეხი გააძლიერონ – რიგგარეშე არჩევნების მიმართულებით, იმისთვის რომ სისტემის ფარგლებში დავრჩეთ და არჩევნებით შევძლოთ ცვლილებების გამოწვევა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს და ცალსახად ეს არ არის ის, რასაც ვინმე, ევროკავშირის ჩათვლით, მხარს დაუჭერს. ელჩმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების წინააღმდეგი არავინ არ არის, იქამდე სანამ ისინი მშვიდობიანად წარიმართება.
ამასთანავე, კარლ ჰარცელის თქმით, ქუჩის პროტესტმა მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი არ უნდა ჩაანაცვლოს.
ინფორმაციისთვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, “დიქტატურათან შეგუება კატასტროფაა, ხოლო რევოლუცია, როგორც მშვიდობიანი, ისე არამშვიდობიანი სახით, არის ქვეყნისთვის ძალიან სარისკო”.
ამასთან, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით კი რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა.