პოლიციამ კლინიკა “ვივამედის” თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ცხელ კვალზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შსს-ის ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ.-ს კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა “ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს – 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული ზ.გ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული შ.ბ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.