ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მარიხუანას მოხმარებისთვის მსჯავრდებულებმა გასათავისუფლებლად სასამართლოს უნდა მიმართონ

24 ოქტომბრის შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის დაკავება არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, საპატიმრო მარიხუანას მოხმარებისთვის მსჯავრდებულმა ათმა პირმა დატოვა. ახალი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოებმა ხელახლა განიხილეს მათი საქმეები და მსჯავრდებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, ამ ათი ადამიანის გარდა საპატიმროებში კვლავ რჩებიან ადამიანები, ვინც სასჯელს ამავე ბრალდებით იხდის.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, იზოლდა რიკაძემ „მეტრონომთან“ საუბარში დააზუსტა, რომ დანარჩენმა მსჯავრდებულებმაც პატიმრობიდან გასათავისუფლებლად სასამართლოს უნდა მიმართონ:

„ჩვენ განთავისუფლების გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. პროცედურა ასეთია – მარიხუანას მოხმარებისთვის მსჯავრებულები მიდიან სასამართლოში და სასამართლო იღებს განთავისუფლების გადაწყვეტილებას“ – გვითხრა იზოლდა რიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბექა წიქარიშვილმა მიმართა, რომელსაც ასევე ბრალად ედებოდა მარიხუანას მოხმარება. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“.

სწორედ ბექა წიქარიშვილის დაკავების შემდეგ, ამ მუხლის შემსუბუქების მიზნით აგორდა სამოქალაქო საპროტესტო კამპანია სახელწოდებით – “ბექა კრიმინალი არ არის”, რომელშიც დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

გიორგი სურამელი

იტვირთბა....