“მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმა სამწუხარო ფაქტია, თუმცა, მთავარია, რომ დანაშაული აღკვეთილია,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს.
„რაც შეეხება კრიმინალს, ამასთან დაკავშირებით დეტალურ სტატისტიკას და ინფორმაციას ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოგიდგენთ. ბუნებრივია, ფაქტი არის სამწუხარო და კარგია, რომ დანაშაული აღკვეთილი იქნა“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.
ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. შეიარაღებულ პირს მთავრობასთან პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, შეიარაღებული პირი მოითხოვდა, პარლამენტში პოლიტიკოსები შეიკრიბონ და სამი კანონი მიიღონ.
1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში.
2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.
3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.