ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვს თანმდევი დაავადება – თირკმლის უკმარისობის მეოთხე სტადია ჰქონდა.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 363 მართვითი სუნთქვის აპარატზეა.
ცნობისათვის, ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის. ამის შესახებ მან ,რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge