ფეხბურთის ფედერაციასთან გულშემატკივრების მიერ გამართული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, კახაბერ ალადაშვილის მიერ იყო დაორგანიზებული. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირიმ განაცხადა.
როგორც ალადაშვილი აცხადებს, ვეტერანი ფეხბურთელები გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან, არამედ დაუპირისპირდნენ მათ, ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ.
„ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ, მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელებიც ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან. დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაში არ არის. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
მისივე თქმით, გაუგებარია რატომ ხდება დღეს პროვოკაციები და გუნდს ისე როგორც არასდროს, ახლა სჭირდება გამხნევება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილი აქტივისტები იმას აპროტესტებენ, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა.