ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპერტთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, სერგი კაპანაძესთან
თურქეთის საკუროტო ქალაქ ანტალიაში დიდი ოცეულის სამიტი მიმდინარეობს, ამ სამიტის ფარგლებში გუშინ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. მანამდე პარიზში მომხდარმა ტერაქტება მსოფლიო შეძრა და აღნიშნული ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი შეცვალა. რა ცვლილებებია მოსალოდნელი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე? რა გავლენას იქონიებს იგი ქართულ რეალობაზე? „მეტრონომი“ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა.
„მეტრონომი“: „ისლამურმა სახელმწიფომ“ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები საკუთარ თავზე აიღო. ამან „დიდი ოცეულის“ ფორუმის დღის წესრიგი შეცვალა. სირიის საკითხმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რამაც რუსეთის მნიშვნელობაც გაზარდა. როგორ ფიქრობთ გამოიყენებს თუ არა რუსეთი სირიის კრიზის დასავლეთთან ვაჭრობის საგნად? ვგულისხმობ მოითხოვს თუ არა სანქციების გადახედვას, ან უკრაინის საკითხის სათავისოდ გადაწყვეტას?
სერგი კაპანაძე: უკვე მოითხოვა კიდეც… რომ ნახოთ ბოლო განცხადებები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ისინი პირდაპირ აყენებენ საკითხს, რომ თუ მათ სურთ თანამშრომლობა სირიის საკითზე, მაშინ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. ამაში არაფერი ახალი არ არის. ვფიქრობ, მთელი ყურადღება იმაზე უნდა იყოს გადატანილი, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, ვგულისხმობ ხელისუფლებას, ჩვენ და უკრაინამ ყველგან დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ხარჯზე არ მოხდეს რუსეთთან სირიაში თანამშრომლობა.“
– ობამა-პუტინის შეხვედრაც, რომ შეაფასოთ.
– დეტალები არ ვიცი, რაზე იყო საუბარი, არც გავრცელებულა. ამის გამო, შეფასება გამიჭირდება. ის რომ ამერიკასთან ევროპის ურთიერთობები გაღრმავდება, ეს ფაქტია. იმიტომ, რომ ეს დარტყმა საფრანგეთზე არის მთელი დასავლური სამყაროსთვის გამოწვევა. ალბათობა არსებობს იმისა, რომ რუსეთი უფრო აქტიურად შეეცდება ისაუბროს ამერიკასთან.
– საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები გამოიწვევს თუ არა ქვეყანაში თუნდაც „ნაციონალური ფრონტის“ და მარინ ლე პენის გამარჯვებას, იმ ფონზე როცა ევროპაში რადიკალური პარტიები საკმაოდ პოპულარულია.
– „კარგი შეკითხვაა… მე რასაც ვკითხულობ ფრანგულ პრესას და ვესაუბრები იქაურ ექსპერტებს, ჯერ არ ჩანს, რომ ეს გამოიწვევს მყისიერად ლე პენის რეიტინგის გაზრდას. ლე პენი შეეცდება ამის გამოყენებას, რადგან ანტიემიგრაციული სენტიმენტები მისი მთავარი კოზირია. ეს გამოჩნდება არჩევნებისკენ, კვლევებში. მეორე მომენტია ის, რომ შეიძლება ლე პენის პოპულარობა გაიზარდოს, მაგრამ რამდენად იქნება ეს საკმარისი მისი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ესაა საკითხავი. ამიტომ არ მგონია, იმედიც მაქვს, რომ ლეპენისნაირი ძალები ვერ მოახერხებენ საფრანგეთში გამარჯვებას. თუმცა ახლა, მათ აქვთ ყველაზე უკეთესი შანსები, რომელიც კი აქამდე ჰქონიათ. ამ ტერორისტულმა აქტებმა როგორც ჩანს პრესიდან, ასევე გამოიწვია საკმაოდ კონტრტალღა განწყობის, რომ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმიგრაციასთან და მუსულმანულ უმცირესობასთან დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე, რამდენად მოახდენს ამ ტრაგედირებაზე კაპიტალიზებას ლე პენი ისე, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში, რთული სათქმლია.
– თქვენი აზრით, საფრანგეთში განვითარებული მოვლენები, მიგრანტების საკითხი გავლენას იქონიებს თუ არა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე?
– „რა თქმა უნდა შეუძლია მოახდინოს გავლენა. მიგრანტების კრიზისი დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე ეს ტერაქტები იქნებოდა. რამდენადაც პოზიტიური არ უნდა იყოს ევროკომისიის დაკვნა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ უვიზო რეჟიმს. ამ ტერაქტების გამო, შესაძლოა რამდენიმე სახელმწიფომ თავი შეიკავოს, პირველ ეტაპზე მაინც, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომ კიდევ უფრო გახსნას საზღვრები. ჩვენ ვნახეთ, რომ ტერაქტების გამო საფრანგეთმა მაშინვე ჩაკეტა საზღვრები. ეს არის ინსტიქტური რეაქცია ასეთი ტიპის კრიზისების დროს. როდესაც საქმე ეხება ინსტიტუციონალურად დიდ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ეს იყოს წინააღმდეგობრივი შიდაპოლიტიკურად, რაც შეაყოვნებს პროცესს. საბოლოო ჯამში, არ მგონია, რომ ეს პროცესი დიდხანს დაყოვნდეს, რადგან ყველამ იცის, რომ საქართველოდან მიგრაციის დიდი ნაკადი არ იქნება. აქ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი და ქვეყნის შიგნით შეცდომები არ დავუშვათ. რადგან ასეთი შეცდომები უფრო შეგვიშლის ხელს ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ამ შეცდომებში იგუისხმება პოლიტიკური ნიშნით დევნა, მედიის თავისუფლების საკითხი.
– ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა ვიდეო, სადაც რუსეთს ტერორისტული აქტებით ემუქრება. ჩანაწერში საუბარია კავკასიაზეც. თქვენი აზრით, ტერორიზმის საფრთხე კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში ნამდვილად არსებობს?
– რა თქმა უნდა, არსებობს, რამდენად დიდია ეს სხვა საქმეა, რადგან უშუალო მუქარის ობიექტები არ ვყოფილვართ. ჩვენ დაცულები არ ვართ და მათ შორის სახელმწიფოშიც არ ვართ დაცულები. ამჟამად, მყისიერ საფრთხეზე საუბარი ძნელია, თუმცა სიახლოვის გამო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის გამო, ჩვენი სიმპათიის დასავლური ორიენტაციის მიმართ, შესაძლებელია ჩვენც გავხვდეთ მსხვერპლი.
– პანკისის ხეობიდან მიდიან სუნიტი მაჰმადიანები სირიაში საბრძოლველად. ამის მიზეზად სხვადასხვა გარემოებები სახელდება. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს არჩეული ამ საკითხის მიმართ?
– „ძალიან მტკივნეული თემაა. ამის მიზეზი არის რადიკალიზაცია, რასაც შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს: ეკონომიკური, გაუცხოვება, სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტე. ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს და ამიტომ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. რეკრუტირება რომ არ გრძელდება და აიკრძალა ძალიან კარგია. ასევე პოპულარიზაცია იმ იდეის, რომ სირიაში ბრძოლა კარგია, ესეც უნდა შეჩერდეს. სამწუხაროდ, სირიის მოვლენებს პოზიტიურად აღიქვამს ამ რეგიონის მაცხოვრებლები, რაც ქართული საინფორმაციო პოლიტიკის ჩავარდნას ნიშნავს. ჩემი ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან დაახლოებით 50 ადამიანია სირიაში წასული, მაშინ, როცა ევროპიდან ათასობით ადამიანია წასული, თუმცა პატარა ქვეყნისთვის არც ესაა მცირე რიცხვი.