არჩევნები გაყალბდა და ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაიგონ – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომელიც ამ წუთებში აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში იმყოფება.
როგორც ინაშვილი აღნიშნავს, “პატრიტოტთა ალიანსი” არ შედის პარლამენტში.
“ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს არ არის სიახლე, ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ, ასევე არჩევნების შემდგომ არ გაგვიწყვეტია ეს კომუნიკაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს – საქართველოში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და სამარცხვინოდ და ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ჩვენი პარტიის პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში”, -განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერები ამერიკის შერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.