გავრცელებული ინფორმაციით, დუისის შესასვლელთან პანკისის პოლიციის უფროსის მანქანა დაცხრილეს. “მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავტომანქანა დაცხრილული არ არის, უბრალოდ დაზიანებულია საქარე მინა და ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შავლეგ ყ. დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში, ღამით, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შავლეგ ყ. არ დაემორჩილა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის განაიარაღეს. დაკავებისას შავლეგ ყ. თავს დაესხა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას და უკანა საქარე მინა დააზიანა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, „ა-კა-ეს 74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 35 საბრძოლო ვაზნა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ალკოტესტით შეამოწმების შედეგად შავლეგ ყ-ს ალკოჰოლური თრობა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებით კი მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.