შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.
“სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ კარგად მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია” - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს. სუნთქვა გაუჭირდა აქციის რამდენიმე მონაწილეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.