ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შსს ცესკოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე საპროტესტო აქციასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

“აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....