ახალი ამბები მთავარი

5 ფაქტორი, რომელიც პიკის გადალახვაში დაგვეხმარება – პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა და განაცხადა, რომ “გადავდივართ ახალ ფაზაზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.”

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თვითიზოლაციის ინსტრუმენტის ეფექტურობა აუცილებელია ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის პროცესში.

“როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა – ოჯახის ექიმები, ეკა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე

ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს.

ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი – რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე – კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი – ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი – წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის.

სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი – არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ”, – განაცხადა გახარიამ

იტვირთბა....