ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცესკოს“ განცხადებით, „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა:
„გუშინ, 1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნმაბ – 54.73%-ი, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“ – განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ“ დიმიტრი მარშანმა.
„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს საარჩევნო შტაბში არსებულ ხმის მიცემის წინასწარ შედეგებს. ეს შედეგი მიღწეული იქნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით და, რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“ – განაცხადა გუნბამ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.