ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა, რადგან “ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი ამოიწურა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შეთანხმების პირველი ფაზა შუაღამისას ამოიწურა. ისრაელს ამ ფაზის გახანგრძლივება სურდა, რათა ამავე ფაზაში დაიბრუნოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლები.
„ჰამასს“ კი მეორე ფაზის დაწყება სურს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ და ისრაელის ძალებმა ღაზის ტერიტორია დატოვონ, რის შემდეგაც „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს ისრაელს გადასცემს.
„ჰამასმა“ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების წვდომის შეჩერებას „ომის დანაშაული“ უწოდა და ისრაელი შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.