საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავის კოლეგას რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრისას, რობერტ ფიცომ ქართული ფილმი “რაჭა ჩემი სიყვარული“ გაიხსენა როგორც სლოვაკებისა და ქართველების მეგობრობის სიმბოლო. მისი თქმით, ბედნიერი იქნება, თუკი პოლიტიკოსების ურთიერთობა ფილმის გმირების მეგობრულ ურთიერთობას დაემსგავსება.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საქართველოსა და სლოვაკეთის ორმხრივი ურთიერთობებს, ევროინტეგრაციასა და ვიზალიბერალიზაციის პროცესს.
“საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და აქვს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში. ამაში სლოვაკეთი საქართველოს სრულად უჭერს მხარს. იცოდეთ, ჩვენი ხმა ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იქნება. ვიზების ლიბერალიზაცია არის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი და უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება” – განაცხადა ფიცომ.
რობერტ ფიცოს შეფასებით, სლოვაკეთის საელჩოს გახსნამ დიდი როლი ითამაშა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ამასთან არსებობს პირდაპირი ავიარეისების გახსნის შესაძლებლობა, რომელიც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.“მე პირველად ვარ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. აღფრთოვანებული ვარ სლოვაკეთის სილამაზით. პრემიერისგან გავიგე, რომ იგი 1979 წელს საქართველოს, სოხუმს სტუმრობდა. ჩვენ, საქართველო-სლოვაკეთს ბევრი საერთო გვაქვს, რაც გვაკავშირებს და გვამეგობრებს. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება, და ამასთან არ არსებობს არანაირი დაბრკოლება ამ ურთიერთობის განვითარებისათვის. ჩვენ ქართველები აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. საქართველოს ევროპული მომავალი ეს არის ხალხის არჩევანი და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ პატივი სცეს ხალხის არჩევანს და განვახორციელოთ იგი. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ის გზა, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.