რუსეთმა ბელარუსში ბირთვული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ განაცხადა – ამის შესახებ უკრაინული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთმა ბირთვული სწავლებების ფარგლებში, ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე სარაკეტო ბრიგადის საველე საცავებში ბირთვული საბრძოლო მასალა ოფიციალურად გადაიტანა.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-მ“-ისთვის სპეციალური საბრძოლო მასალის მიღების, რაკეტების აღჭურვისა და სარაკეტო გაშვებებისთვის მოსამზადებლად „დანიშნულ პოზიციურ რაიონში“ ფარული გადაადგილების „დამუშავების“ (სავარჯიშო შესრულების) შესახებ.” – წერს РБК-Україна.
19 მაისს ცნობილი გახდა, რომ 19-დან 21 მაისამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაში სწავლებას ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები ასევე მოიცავს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივ მომზადებასა და გამოყენებას. “მანევრებში მონაწილეობის მისაღებად ჩართული იქნება სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორეული ავიაციის სარდლობა, ასევე ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალების ნაწილი. სწავლებებში სულ ჩაერთვება 64 ათასზე მეტი პირადი შემადგენლობა და 7800-ზე მეტი შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ზედაპირული ხომალდი, 13 წყალქვეშა ნავი, რომელთაგან რვა სტრატეგიული დანიშნულებისაა.” – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

