ინტერვიუ “”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილთან
უკვე მეხუთე დღეა მთავრობის ადმინისტრაციის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გრძელდება. შიმშილობის აქციის მონაწილეები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ აქციის შეწყვეტისკენ და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობისკენ ყოფილმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრებმაც მოუწოდეს, დემონსტრანტები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და არც მოთხოვნები შეუცვლიათ. „მეტრონომს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ესაუბრა:
„მეტრონომი“: კონკრეტულად, რა ცვლილებების შეტანას მოითხოვთ საარჩევნო კოდექსში?
ირმა ინაშვილი: ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საპროტესტო აქცია ირმა ინაშვილის თემას არ უკავშირდება – ეს თემა დასრულდა და ყველაფერი გაირკვა; ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მე და საგარეჯოელები ვაცხადებთ, რომ გაყალბდა – პოზიციები ნათელია. ჩვენ ახლა სულ სხვა თემაზე – საარჩევნო გარემოს, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ვსაუბრობთ. კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს, რომელთაგან პირველი და უმთავრესი ის არის, რომ საჯარო მოხელეებს, გამგებლებს, მერებს, პოლიციის უფროსებს, სოფლის რწმუნებულებს და ა. შ. ასეთი პირდაპირი ჩარევა და აგიტაცია-პროპაგანდა საარჩევნო პროცესში და რომელიმე ერთი კანდიდატის მხარდაჭერა სტატუსის გამოყენებით უნდა აიკრძალოს და უნდა გაუთანაბრდეს სისხლის სამართლის მძიმე კატეგორიის დანაშაულს. თუ ასე მოხდება, მაშინ მერწმუნეთ, რომ ეს გამგებლები, რწმუნებულები და პოლიციის უფროსები კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას ვეღარ გაბედავენ. ამაში იმას ვგულისხმობ, რაც, მაგალითად, სერგეენკომ გააკეთა – შეხვდა ექიმებს და მოუწოდა ერთი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. იგივე გააკეთა განათლების მინისტრმა. ტელეეთერით, სკვერში, უბრალოდ თავშეყრის ადგილზე ან არაპროფესიულ წრეებთან შეხვედრისას ნებისმიერს შეუძლია იმას გამოუცხადოს მხარდაჭერა, ვისაც უნდა. მაგრამ ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ მე მინისტრი ვარ, შენ – ექიმი და თუ ამას ხმას არ მისცემ, მიანიშნებს დაემშვიდობე სამსახურსო.
მ.: ხელისუფლება რაღაც დათმობებზე თუ წავიდა, თქვენ რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამთ?
ი. ი.: ჩვენ ყველა სამართლებრივი საფეხური გავიარეთ. ხელისუფლებას და პარლამენტარებს მოვუწოდებ, ჩვენი საპროტესტო აქციის ქრონოლოგიას გაეცნონ. დავასრულეთ სამართლებრივი გზა და დავასრულეთ ცესკო-ში, სადაც ბოლო სხდომა გაიმართა. დასრულებულია განხილვა. ჩვენ მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას, შემდეგ მივმართეთ სიღნაღის, მერე თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ბოლოს ცესკომ განიხილა საკითხი და ყველამ ერთხმად თქვა, რომ თქვენი არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
მ.: თავდაცვის მინისტრსა და თქვენს შორის დაპირისპირების მიზეზი რა გახდა?
ი. ი.: ეს მას მერე მოხდა, რაც თინა ხიდაშელმა მუხროვანში სრულიად ხელოვნურად შექმნა დახურული სპეცუბანი და 500-ზე მეტი ჯარისკაცის ხმა საარჩევნო მანიპულაციისთვის გამოიყენა. ამიტომაც, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასეთი სპეცუბნების გაუქმებაა იმ ფორმით, რა ფორმითაც საგარეჯოში იყო გახსნილი, სადაც მესტიელი, ზუგდიდელი და ჩხოროწყუელი ჯარისკაცები რატომღაც საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ. სამარცხვინო არ არის, ამ ჯარისკაცების ასმა პროცენტმა რომ ერთ კანდიდატს მისცა ხმა?
ჩვენი კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს და ჯარიმა დაწესდეს იმათზე, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას.. მაშინ სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით ერთი და იმავე ამომრჩვევლების ტარება გამოირიცხება. სწორედ ეს გააკეთეს იორმუღალოში – ქორწილის იმიტაცია შექმნეს, ესკორტით, ბუშტებით და ყვავილებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი ფანტაზია მაქვს, მეც კი ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს საქორწილო ესკორტი კი არ იყო, არამედ ამომრჩევლები დაჰყავდა საარჩევნო უბნებზე.
მ.: როგორ ფიქრობთ, რუსი რატომ გიწოდათ თავდაცვის მინისტრმა?
ი. ი.: ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური უკულტურობაა. მიხეილ სააკაშვილის სტილია, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს იარლიყებს აკერებდა. თავის დროზე სააკაშვილი, ბოკერია, ხიდაშელი პარტნიორები იყვნენ და ეტყობა მაშინ აითვისა /ხიდაშელმა/ ეს სტილი და დღეს თვითონ აკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი რესპუბლიკურ პარტიას უკეთებდა, როცა რუსეთის აგენტების იარლიყს აკერებდა.