შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის ბადრი ესებუა ქუჩაში გადაადგილდება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფოტოზე, რომელშიც ბრალდებული ბადრი ესებუას გადაადგილება, ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული.
ამასთან, უწყების ცნობით, გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.
ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.
პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც სავარაუდოდ „საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ფოტო და ვიდეო ბანკზე თავდასმის შემდეგ, 27 ოქტომბერსაა გადაღებული.