ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხვიბლიანი არ ჩანს – 24 საათიანი დაკითხვის შემდეგ, სამხედრო გაუჩინარდა” – “მთავარი არხი”

სენაკის მეორე ბრიგადის სამხედროს, დავით ხვიბლიანს კუთვნილი ხელფასი მთლიანად სესხის გამო ეჭრებოდა, შესაბამისად ის ანაზღაურებას ვერ აიღებდა. ​ამ დრომდე სწორედ ხელფასის დღეს ასახელებდა ხვიბლიანი 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მისვლის მიზეზად – აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხვიბლიანი კამერებთან აღარ ჩნდება და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებმაც არაფერი იციან.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დავით ხვიბლიანი არა მძევალი, არამედ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....