ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა გახდა ავჭალაში მანქანაში მამაკაცის ჩაცხრილვის მოტივი – მომხდარს ოჯახის ადვოკატი ეხმაურება

ავჭალაში იმ ადგილზე, სადაც ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს, ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი მივიდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.

თუმცა, როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის შურისძიებას ნაკლებად ვარაუდობს.

„ბავშვის ნათლია ვარ, ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მოვედი. ეჭვი მეპარება შურისძიებაზე, ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. არანაირი ბუნტი, რაც შეეხება ნასამართლეობას, რამდენჯერმე არ იყო, ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, რომლის მიხედვითაც ის უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ. რომელ შურისძებაზეა ლაპარაკი, მეუღლე ნორმალურად ვერ ლაპარაკობს, დამირეკა და ძლივს მითხრა, რომ გარდაცვლილია. საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა, რა მოხდა. მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს” – განაცხადა წულეისკირმა.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან  ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. ამასთან, გავრცელდა მინფორმაცია, რომ გარდაცვლილი  ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იტვირთბა....