ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

 “სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი კეთდება დამნაშავეს დასაკავებლად” – კახი კალაძე ზუგდიდის სპეცოპერაციის შესახებ

“სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი კეთდება დამნაშავეს დასაკავებლად,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ზუგდიდის სპეცოპერაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, “ქართული ოცნებისთვის” ადამიანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო.

“მთავარი არის ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანა. დაკავებული იყოს თვითონ თავდამსხმელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გუნდისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალში არის ადამიანები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....