ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა – ამის შესახებ, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი.
როგორც კვარაცხელია აღნიშნავს, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა.
“სროლის ხმა გავიგე და როდესაც გავერკვიე რა ხდებოდა, დავინახე, რომ ეს ადამიანი ბანკში შედიოდა, შემდეგ რამდენადაც პოლიციაში ამბობდნენ, ეს ადამიანი “საქართველოს ბანკთან” მიიყვანა აბსოლუტურად შემთხვევითმა გამვლელმა. ანუ მანქანა გააჩერა და ბანკამდე გაყვა. რაც შეეხება გასროლას, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონი ორჯერ იყო გასროლის ხმა გარეთ. როცა შიგნით შემოვიდა, მაშინ კი ორჯერ განახორციელა გასროლა – შიგნიდან გარეთ იმ ადამიანის მიმართულებით, რომელსაც ხელში კამერა ეჭირა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქედან ცოცხალი გამოვსულიყავით. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელზეც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ თუ ხელყუმბარა აფეთქდებოდა, ცოცხალი ვერც ერთი გადავრჩებოდით. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გარედან მისთვის არავის ესროლა,რაც ავტომატურად ჩვენს სიკვდილსაც ნიშნავდა. თავდამსხმელმა თავდაპირველად სხვას უთხრა, რომ “ტვ პირველს” დაუკავშირდითო, როცა ეს რამდენიმე ადამიანმა ვერ მოახერხა, მერე ჩემამდეც მოვიდა.”ტვ პირველს” მე მივწერე და დავურეკე, თუმცა არავინ მიპასუხა, რადგან “ტვ პირველმა“ არ გვიპასუხა გვითხრა, “მთავარ არხს” დაურეკეთო, აქაც რომ არ გვიპასუხეს, მერე გადავედით “ფორმულაზე”. “ფორმულაზე” გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ მალე გადმოგვირეკავდნენ, ამასობაში “მთავარმა არხმაც” გადმორეკა და შესაბამისად, მათთან მოხდა პირველი კონტაქტი.
თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.