ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავდამსხმელი პირის ჩაცმულობიდან და მანერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ის არის სამხედრო” – ალადაშვილი

თავდამსხმელი პირის ჩაცმულობიდან და მანერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ის არის სამხედრო – ამის შესახებ, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, თავდამსხმელის განაიარაღება შეიძლებოდა, თუმცა ეს დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.

“იმ მწირი ვიდეოინფორმაციით, რაც იყო და ყველამ ვნახეთ, იმის თქმა შეიძლება, რომ ის ფორმა რაც ეცვა ეს არის ქართული არმია, რომელიც ჩაიცვა აგვისტოს ომის შემდგომ, ის ფორმა. თვითონ აღკაზმულობა და ის, რომ ქართული დროშა მას მარჯვენა მხარეს ეკეთა და არა მარცხენაზე, მიუთითებს იმას, რომ იცის სამხედრო ფორმის ტარება, ანუ დიდი ალბათობით, ის არის სამხედრო, ან ადრე უმსახურია შეიარაღებულ ძალებში, ან სხვა ძალოვან სტრუქტურაში….

თუმცა აქ ერთი ნიუანსია, ის მგონი ცაცია არ იყო და მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ის ვერ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ იარაღს. სხვათა შორის, იმ მომენტში, ისე ახლოს ისხდნენ მძევლები, რომ ძნელია ამის თქმა, მაგრამ შეთანხმებული მოქმედების დროს, მისი განაიარაღება, პრინციპში, შეიძლებოდა, თუმცა ეს დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.

მეორე, ის, რომ ის იჯდა ოთახში, ოთახი იყო შემინული, გარედან ჩანდა, ხოლო მძევლები იატაკზე ისხდნენ. ანუ ის გამორჩეული იყო მათგან და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ იქ ვნახეთ, რომ სპეცრაზმს ჰქონდა საკმაოდ ძლიერი სნაიპერული შეიარაღება, კი შუშა იყოს, შუშას შეიძლებოდა შეეცვალა ტყვიის მიმართულება, მაგრამ მონდომების შემთხვევაში მისი წყობიდან გამოყვანა შეიძლებოდა. მაგრამ თუ მას ჰქონდა რგოლი გამოცლილი ხელყუმბარიდან, მაშინ საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდი იქნებოდა, იმიტომ, რომ 3-4 წამში თუ ის ხელს გაუშვებდა, აფეთქდებოდა ეს ხელყუმბარა,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....