“ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამარცხვინოა ის, რაც ვიხილეთ ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში, ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო, მისივე დავალებით. სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს – მძევლების დემონიზება. ეს გაუგონარი ამბავია. ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროპუტინური მოძალადე ჯგუფები და გაბედავა მივარდნენ იქ ამ გზავნილით, რომ მძევლის მიერ არის პროვოცირებული თურმე ეს ყველაფერი, წინა ხელისუფლებაზე საუბრობენ და პოლიტიკურ კუთვნილებაზე ამ მძევლის. ეს გაუგონარი ამბავია – მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია. ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა, და მის მიერ დაქირავებულმა სამარცხვინო პროპუტინურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნულით გიგა ბოკერია ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე სპეცოპერაცია დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლებს შორისაა და სატელევიზიო ეთერით ჩაერთო, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია. კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამართალდამცველებმა ფული მიიტანეს.
რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად, რომელთაც ხელზე ე.წ. ბორკილები ედოთ, ბანკის შენობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად აყვანილ სამ ადამიანს შორის, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა, იყვნენ სამეგრელო ზემო სვენეთის რეგიონის უფროსი ავთო გალდავაი და მერის, გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.