ცოდვა გამხელილი სჯობს და დიდი დომხალია სამშობლოში, მეგობრებო. ჩემი თქმა რად გინდათ – თავადაც მიხვდებოდით. მიხვდებოდით, იმიტომ რომ ძალიანაც რომ გინდოდეთ, პატარა ქვეყნის „დიდი პოლიტიკის” ინტრიგებს ვერსად გაექცევით, ვერსად დაემალებით. ერთხელ, ერთმა კარგმა ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა, საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს, არის მხოლოდ „ძალაუფლებას მოწყურებული კასტა, რომელიც ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი“-ო. მეც გთავაზობთ ამ ტექსტში „დიდი პოლიტიკა“ პირობით სიტყვათა შეთანხმებად და თვითირონიად აღიქვათ, იმიტომ, რომ ამ ფაფაში ყველანი ვიხარშებით.
პოლიტიკური, თუ პოლიტიკოსების, ინტრიგები ყველგანაა მოდებული – ტელევიზორში, სახლში, ტრანსპორტში, სამსახურში, მაღაზიაში, ინტერნეტში; ქუჩაში ხომ საერთოდ – დიდ ეკრანზე წარსულის კოშმარები გადის, მაგრამ არა როგორც მოკლე მეხსიერების წამალი, არამედ როგორც გამუდმებული შეხსენება, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ; რომ დაუსრულებლად მამაო ჩვენოსავით ვიმეოროთ „ოღონდ ეს არა!“ და ლარი თუნდაც სულ გაუფასურებულა, საქართველო ნაწილ-ნაწილ, ნებით თუ ძალით, წაუღია ოკუპანტს, შიმშილით დავმწყდარვართ და ბოლო მოგვღებია, „ოღონდ ეს არა“. წამების კადრების ინტერნეტით გავრცელებას და საჯარო ჩვენებას კიდევ დავუბრუნდები.
ბოლო დროს იმდენი რამე მოხდა, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. არჩევნების წინ, საერთოდ ასეა ხოლმე. წინათ თუ პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს ბორჯომის ბოთლების სროლაში, მამაპაპურ გინებასა და მიტინგებში ეჯიბრებოდა, ეს ბოლო წლებია ფარული ჩანაწერების გასაჯაროებაში გაიწაფეს ხელი. უფრო სწორედ, ჩანაწერებს პოზიცია (ყოფილიც და ახლანდელიც) დებს, ოპოზიცია მოდულში დარბის (თავისი ნებით არა, ცხადია), ჩვენ კი ვუსმენთ და ვუყურებთ და მერე ისევ ვუსმენთ და ვუყურებთ – ახალი მაინც იყოს რამე. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემნაირებს ვერ გაგვაკვირვებს, რადგან 90-იანებსაც მოვესწარით და მერე 20 წელზე მეტი, 3-4 მთავრობის საცდელი ვირთხები ვიყავით. ამ ყველაფერს ერთი სიკეთე აქვს – ასე გამობრძმედილ ადამიანს თითქმის აღარაფერი გაკვირვებს, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ.
დავუბრუნდეთ ფარულ ჩანაწერებს. მე, როგორც უბრალო მოქალაქეს ეს ამბავი ასე მომართვეს სუფრაზე:
ყოფილი ხელისუფლების წევრები ყველანაირად ცდილობენ ახლანდელის დისკრედიტაციას, „რუსთავი 2“ კი რევოლუციის ასაგორებელ ინსტრუმენტად სჭირდებათ. თავისთავად ეს ყველაფერი სიმართლისგან არც ისე შორსაა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს… იმ შავ-თეთრ სურათზე, ხელისუფლება რომ ცდილობს თვალებზე აგვაფაროს, გაცილებით მეტი ტონია და ამის დანახვას ექსპერტობა და განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, იმავე წრეზე რომ წავედით:
იქ, სადღაც, მინის და გრანიტის შენობებში გამაგრებული ადამიანები, ვინც წესით ხალხს უნდა ემსახურებოდეს, პირწმინდად მომწყდარია რეალობას და მიკროფონი ქვევრი ჰგონია, რომელსაც ჩასძახებს – არიქა, ყველაფერი კარგადაა, აშენდა ქვეყანაო და ქვევრიც იმავეს ამოსძახებს. ეს ქვევრი მედიაა – ტელევიზია, ელექტრონული პრესა და სხვა, მაგრამ ქვევრი რატომღაც იმავეს არ ამოსძახის და მეტიც – ამხელს, რომ ყველაფერი თუ არა, მეტი წილი ტყუილია. აქ მაინცდამაინც „რუსთავი 2“-ს არ ვგულისხმობ – კრიტიკული მედია საბედნიეროდ, სხვაც დარჩა ამ ქვეყანაში. მედიაც რომ არა, როდემდე უნდა დაიჯეროს ადამიანმა, რომ გარშემო ყველაფერი კარგადაა და მარტო თვითონ არის ცუდად – ასე ხომ ფსიქიურ აშლილობამდეც არაა შორს.
ჰოდა, ამ ფონზე მეხსიერების გავარჯიშება წამების კადრებით თუ ფარული ჩანაწერებით, არც ისე ეფექტურია. რაც არ უნდა იყოს, ადამიანი თუთიყუში არ არის, სწყინდება „ოღონდ ეს არა“-ს გამეორება და აუცილებლად დასვამს შემდეგ საბედისწერო კითხვას „მერე რა იქნება? რა იქნება მომავალში?“.
მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ხელისუფლებას არ სცალია. მეტიც, პირად შეურაცხყოფად და პროვოკაციად აღიქვამს, ვინმე მომავლით თუ დაინტერესდა, პირში ბურთს ჩრის და არიგებს – თუ არ გინდა ვინმემ რამე სხვა ადგილას შეგჩაროს, გაჩუმდიო.
ეს ალტერნატივა არ არის, მეგობრებო – ეს შანტაჟია, ჩვეულებრივი შანტაჟი.
ჰო, მართლა, კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს, ძვირფასო ხელისუფლებავ, თუ არ მიწყენ (ვიცი, რომ მიწყენ, მაგრამ გადავიტან):
საიდან გაჩნდა ფარული ჩანაწერები? ვინ ატვირთა ქსელში?
ვის ხელში მოხვდა წამების ვიდეოები და ვინ ავრცელებს ქსელში, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მისაწვდომია, ვისაც კომპიუტერის ანა-ბანა გაეგება?
რატომ არ ისჯებიან ქუჩაში წამების ვიდეოების საჯარო ჩვენების მომწყობები? თუ ჩვეულებრივი ამბავია, როცა ასეთ რამეს მცირეწლოვნებს, ან საერთოდ ვინმეს აყურებინებ და სულ არ გაინტერესებს, უნდა თუ არა თვითონ მას ეს?
თუ თავი მივაბრუნოთ, ენა ჩავიგდოთ და, თუ რამე არ მოგვწონს, სხვაგან გავიხედოთ და სხვა ეკრანებზე ცისარტყელას ფერებს ვუყუროთ?
და ბოლო კითხვა – ეს კითხვები ლეგიტიმურია თუ ვპროვოკატორობ, თქვენი აზრით? – აჰ, არა, არ გინდათ, პასუხი წინასწარ ვიცი.
მე 32 წლის ვარ და აქედან 20 წელი მხოლოდ იმას ვუსმენ, რა კარგები ხართ თქვენ – ჩემს თავზე წამომჯდარი ბიძიები და დეიდები – და რა ცუდები არიან გუდიანი კაცები, სახელმწიფო გადატრიალებას რომ აწყობენ. ჰოდა, მეცინება უკვე, იმიტომ რომ ვიცი – კეთილი ბიძიები და გუდიანი კაცები სხვა არაფერია, თუ არა სინონიმები და სხვა არაფერი ანაღვლებთ, თუ არა ერთმანეთის გადატრიალება და ძალაუფლების მოხვეჭა. ყოველ შემთხვევაში, მე და თქვენ რომ ქინძზე ვკიდივართ, ფაქტია.
P.S.
ქინძის ხსენებაზე:
ამერიკელ მწერალს, რობერტ პენ უორენს აქვს ერთი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო წიგნი – „მეფის მთელი მხედრიონი“. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან მაგონებს ამ წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ვილი სტარკს. ქარიზმატულმა გუბერნატორმა სტარკმა პოლიტიკური მოღვაწეობა კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯით, გზების დაგებით, საყოველთაო აღმშენებლობით დაიწყო. თავიდან მას შტატის არისტოკრატიის ნაწილიც უჭერს მხარს, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება – გარშემო მხოლოდ უახლოესი თანამოაზრეები რჩებიან. სტარკი ცუდად ამთავრებს – მის მიერვე აშენებული დიდი საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ადამ სტენტონი კლავს. ნამდვილად გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, კიდევ ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ.
სტარკისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ჩვენს გროტესკულ რეალობაში სააკაშვილის ბედიც სხვანაირად წარიმართა – ახლა ის სხვა ქვეყანაშია გუბერნატორი და იმდენი ქნა, რომ, ბოლოს და ბოლოს, არც ისე საამაყო მეტსახელიც აიკრა. რას იზამ, ყველა ჰეროიკულად ხომ არ დაამთავრებს?!