“ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მითუმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს.”
მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკრული ნათქვამით ადამიანის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორი საქციელია.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.