ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები დააკავა

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით,  უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

როგორც პროკურატურამ ბრიფინგზე განაცხადა, ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე 17 აგვისტოს გამოძიება დაიწყო.

“დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ი.მ და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:

“საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა.

კერძოდ, 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.

1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. მ. და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნ. ი. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.

ბრალდებულებს ევალებოდათ შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს სამუშაო კაბინეტში.

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ მიზეზით რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას.

ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კერძოდ: ი.მ.-მ და ნ.ი.-მ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ გამოძიებას არ გადასცა მის ხელთ არსებული 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკები, რომლებიც მან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში რეალურად გამოიყენა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მასალების მოპოვება გამოძიებამ მხოლოდ ი.მ-ს კუთვნილ სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად შეძლო.
მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ჩატარებული ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც კარტოგრაფიული პროდუქტი, ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები, და სხვა).

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

ი.მ-ს და ნ.ი-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე.

საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

 

იტვირთბა....