რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება უკეთესია რუსმა სამხედროებმა განახორციელონ, თუმცა საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა თქვან.
ამის შესახებ ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან,“- აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ თურქეთის პოზიციას არ იზიარებს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.