“ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს – აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში „სიაფანდი“ თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. იმიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული, როგორიც არის მაგალითად „კარტოგრაფების საქმე“ და სამწუხაროდ, როგორიც იყო „ფოტოგრაფების საქმე“.
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს. ნოღაიდელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.