დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის შვილი, ზურა მელაშვილი აცხადებს, რომ მამისთვის წაყენებული ბრალდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მისივე თქმით, ივერი მელაშვილს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
“სანამ მამაჩემს დაიჭერდნენ, რამდენიმე დღით ადრე ვშიშობდი, რომ შესაძლოა მასთან სახლში მისულიყვნენ, როცა ის იქ არ იქნებოდა და რაღაცები ჩაედოთ. როგორც ჩანს ეს საჭირო აღარ გახდა და სამწუხაროდ ჩემი ვარაუდი გამართლდა. არ ვეთანხმები ამ ბრალდებას, იმიტომ რომ ამდენი ხანი ადამიანი ერთ ადგილზე მუშაობდეს და მისმა სამსახურმა არაფერი არ იცოდეს, რაღაც საქმეების შესახებ, რომელსაც ის მის სამსახურში აკეთებდა. გამოდის, რომ ამ ბრალდებით სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ მომუშავე პერსონალს. მას ასეთი რამ არ გაუკეთებია და ამის გამო ვართ აქ ჩვენ შეკრებილები”- ამბობს ზურა მელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.