ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რიკო კრედიტის” ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-მ „რიკო კრედიტის“ ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “რიკო კრედიტის” ხელმძღვანელმა, ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნული ყაჩაღობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული მიკროსაფინანსო ოგანიზაციაში ხელყუმბარით შიჭრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებულმა ფილიალიდან თანხის გატანა ვერ შეძლო.

იტვირთბა....