“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე “ევროპული საქართველოს” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინიციატივას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
როგორც კილაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს, “ევროპული საქართველოს” ლიდერის ინიციატივა ძალიან კარგია.
“ელენე ხოშტარიას ძალიან კარგი ინიციატივა – გავუგზავნოთ წერილები ციხეში ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას!
ივერ მელაშვილი – #8 დაწესებულება, ქ.თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ,მე-2 კმ პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება!
ნატალია ილიჩოვა-გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი, ქალთა სპეციალური დაწესებულება! – წერს კილაძე.
ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინიციატივით, მსურველებს შეუძლიათ, დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა ნატალია ილიჩოვას გამამხნევებელი წერილები ციხეში გაუგზავნონ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება, ელენე ხოშტარიამ სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.
“ასეთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი ფბზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.
თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი, გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ, გავაგზავნი თქვენი სახელით”. – წერს ხოშტარია “ფეისბუქის” გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.