“ევროპული საქართველოს” ლიდერი, ელენე ხოშტარია ივერი მელაშვილსთვის და ნატალია ილიჩოვისთვის ციხეში გამამხნევებელი წერილების გაგზავნის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ასეთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი ფბ-ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.
წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან ამ მისამართებზე: ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – ქალთა სპეციალური დაწესებულება.
თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი, გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ, გავაგზავნი თქვენი სახელით” – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.