“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნდა. 150-კაციან სიაში ვხედავთ, როგორც ძველ წევრებს, ასევე ახალ სახეებსაც. პარტიულ სიაში ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სამგორის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, 35-ე ნომერია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხაბეიშვილს ოპოზიციური სპექტრიც კი აღიარებს, რომ საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია. თანაც, იგი “ნაციონალურ მოძრობას” 2012 წლის შემდეგ შეუერთდა და “სისხლიანი 9 წლის “მონაწილეც” არ არის.
სოციალურ ქსელში და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების ნაწილის მხრიდან ხშირად ისმის კითხვა – რატომ არის ის მხოლოდ 35-ე ნომერი და “ნაციონალურმა მოძრაობამ” რატომ გაზარდა იმის შანსი, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, ის პარლამენტში ვერ მოხვდეს? – ამ შეკითხვით “მეტრონომი” ოპოზიციის კანდიდატს მიმართა, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა გვითხრა, რომ მისთვის პრიორიტეტი სიის რიგითობა არ არის და არც პარლამენტში მოხვედრაა მიზანი.
“ჩემთვის არც არასდროს ყოფილა ფასეული ადგილი პარლამენტი ან თანამდებობა. შესაბამისად სიის რიგითობაც ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქე, სამშობლო და გამარჯვება კრიმინალზე და გაჭირვებაზე.
შესაბამისად პასუხიც მარტივია: უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გადარჩეს და თუ ვუშვებთ 1 %-ს რომ ასე არ იქნება მაშინ რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები მე ან ნებისმიერი სხვა” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომთან.
ცნობისათვის, ქვეყანაში მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
თამარ შუკვანი