“გზა რომელიც აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსთავი 2-თან ბრძოლაში არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპრების გზა‘’ – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
“გზა, რომელიც აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსთავი 2-თან ბრძოლაში არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპრების გზა. ისევე როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე, ღამით, ფარულად და უპრინციპო მოსამართლის ხელით, ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბოს პოლიტიკური ვითარება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედია თავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.
კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება, გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია, დადგეს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არ გამოყენება.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მმართველ პოლიტიკურ კოალიციას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მივმართავთ ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობისგან. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოთ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ჩვენ, ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ყველა ძალას ვიხმართ, რომ განვმუხტოთ ისტერიული ემოციური ფონი და პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ მშვიდ და გონივრულ გარემოში, რათა არ შეფერხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება‘’ – განაცხადა ალასანიამ.