ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ „ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება“ და „რუსეთი თავდაცვით პოზიციაშია“.
„რუსეთი თავდაცვით პოზიციაშია, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით. თუმცა, კიევზე ბოლო იერიშებმა აჩვენა, რომ რუსეთი კვლავ არ ავლენს მშვიდობის მიმართ რეალურ ინტერესს, რაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზეც მკაფიოდ გამოიკვეთა“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს „ძალიან საფუძვლიანი დისკუსია“, რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს ევროპამ მოსკოვს შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში.
„ევროპა არასოდეს იქნება ნეიტრალური შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და საკუთარ ფუნდამენტურ უსაფრთხოების ინტერესებს ვიცავთ“, – აღნიშნა კაია კალასმა.
კალასის განცხადებით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების წინაპირობაა, ხოლო რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დივერსიული ოპერაციები, კიბერშეტევები, არჩევნებში ჩარევა და ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევები.
მისი თქმით, „არ შეიძლება, არსებობდეს ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების სამართლებრივი აღიარება“.
კალასმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზეც უნდა დაწესდეს შეზღუდვები.
კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა აგრძელებს მოსკოვთან ბიზნესსაქმიანობას, ამავე დროს კი, ევროპულ ბაზრებსა და ინვესტიციებზე პრივილეგირებული წვდომით სარგებლობს. კალასის შეფასებით, ევროპამ უფრო ეფექტიანად უნდა გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები ვაჭრობის, ინვესტიციების, ბაზარზე წვდომისა და პარტნიორობის მიმართულებით.
კაია კალასის თქმით, ევროკავშირი უკვე მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე.

