მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის საქმის განხილვა გაიმართება.
პროცესზე მოწმეების დაიკითხება და მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ასევე, დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარდგებიან.
„როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე წარდგება შესავალი სიტყვებით. მოვახსენებთ სასამართლოს ჩვენ მოსაზრებას ამ საქმესთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ თუ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლების სრულყოფილი განხორციელება, ჩვენ მივიღებთ ამ საქმეზე ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის გამამართლებელი განაჩენი. ამ ეტაპის შემდეგ ჩვენ უშუალოდ გადავალთ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, რაც მოიცავს როგორც მოწმეების დაკითხვას, ასევე სხვა მტკიცებულებების გამოკვლევას“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.