ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრალდება აბსურდულია. ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელსაც დიდი ხანია დგამდნენ” – ივერი მელაშვილის ცოლი

ამდენი ხნის განმავლობაში, 8 წელია ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, თუ რაიმე იყო შეცდომა, ნუთუ მაშინ ვერ ნახეს? – ამის შესახებ, სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც კომისია შეცვალეს, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ “რაღაცას აპირებდნენ.”

“ბრალდება აბსურდულია. ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელსაც დიდი ხანია დგამდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომისია შეცვალეს, გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცას აპირებდნენ.

ამდენი ხნის განმავლობაში, 8 წელია ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, თუ რაიმე იყო შეცდომა, ნუთუ მაშინ ვერ ნახეს? ქართულ ოცნებას უნდა, რომ გააშავოს ნაციონალები, რათა ხალხს ეგონოს, რომ ნაციონალები ყიდდნენ მიწებს. ამ სცენარის განხორციელება უნდოდათ ალბათ არჩევნების წინ 2 კვირით ადრე, მაგრამ გვარამიამ გააჟღერა ტელევიზიით და იძულებულები გახდნენ, რომ ცოტა ადრე განეხორციელებინათ საქმე. მათ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია უნდათ. პირდაპირ იმათთან ვერ მიდიან და ესენი გაწირეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე არავინ არ დაგვკავშირებია”, – განაცხადა ივერი მელაშვილის ცოლმა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....