ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“ევროსაქების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა: “პარტიის წევრებსაც აქვთ შეცდომის დაშვების უფლება” – კაკო ბობოხიძე

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ “ევროპული საქართველოს” წევრ აკაკი ბობოხიძესთან

მთიან ყარაბაღში, 27 სექტემბერს დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მწვავე კონფლიქტი ამ დრომდე გრძელდება. საომარი მოქმედებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი. ამასთან, თურქეთმა აზერბაიჯანს კონფლიქტში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის მხარეებს შეიარაღებული დაპირისპირების დასრულებასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. იგივე მოწოდება გააკეთა საქართველომაც, რომლის პოზიციაცაა, რომ თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, მთავრობას ამის სრული მზაობა აქვს. ამასთან, საქართველოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ აღიარებს.

იმ დროს, როცა სახელმწიფო და პოლიტიკური პარტიები აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ძალიან ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, პარარელურად საპირისპირო შინაარსის პოზიციას აფიქსირებს ზოგიერთი პოლიტიკოსი. საუბარია პარტია “ევროპული საქართველოს” წევრ არსენ კარაპეტიანზე, რომელმაც სოციალურ ქსელშო სომხეთს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. მეტიც, პოლიტიკოსმა საჭიროების შემთხვევაში, სომხეთის მხარისთვის ძალოვანი და არაძალოვანი დახმარების მზადყოფნაც კი გამოთქვა. (იხილეთ სქრინი ქვევით). შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ არსენ კარაპეტიანი “ევროპული საქართველოდან” ახალქალაქიდან და ნინოწმინდის ოლქებში მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატია.

“მეტრონომი”,  კარაპეტიანის განცხადების შემდეგ, დაინტერესდა გაერკვია, რა პოზიცია აქვს თავად “ევროპულ საქართველოს” ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში და არის თუ არა თავად მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ ამ კითხვებით მივმართეთ პარტიის ერთ-ერთ წევრს აკაკი ბობოხიძეს. ბობოხიძესთან ინტერვიუ კამათის ფონზე წარიმართა. მკითხველს ამ ინტერვიუს სრულ ვარიანტს გთავაზობთ:

“მეტრონომი”: როგორ შეაფასებთ ყარაბაღში მიმდინარე მოქმედებებს და აღიარებთ თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას?

აკაკი ბობოხიძე: საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, ყველა იმ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელთანაც დიპლომატიური კავშირი გვაქვს და ამაზე კითხვაც კი არ შეიძლება დაისვას. რაც შეეხება მიმდინარე კონფლიქტს, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. რაც მთავარია, აღნიშნულ კონფლიქტში თავიდან ბოლომდე იკვეთება პუტინის რუსეთის პასუხისმგებლობა, მაგრამ, ვიდრე რუსეთი არის რეგიონში, ვერ გამოვრიცხავთ მსგავს კონფლიქტებს. ვინაიდან, სადაცაა რუსეთი, იქ არის ომი.

– ვინაიდან, “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ ახსნით თქვენი თანაპარტიელის, არსენ კარაპეტიანის პოზიციას, რომელიც სომხეთს ღიად უჭერს მხარს და ძალოვანი და არაძალოვანი დახმარებისთვის მზადყოფნასაც კი აცხადებს?!

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო და ყველა პოლიტიკურად პასუხისმგებელი პარტია ცნობს ყველა სახის ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება არსენ კარაპეტიანის ამ განცხადებას, ეს არის მისი პირადი აზრი. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს პარტიის პოზიციას არ ეთანხმება.

– ანუ, თქვენი პარტიის წევრი, თანაც მაჟორიტარობის კანდიდატი თქვენივე პარტიიდან , პარტიის პოზიციასა და ინტერესებს არ იზიარებს?

– გავიგე, მაგრამ მას, როგორც ეთნიკურ სომეხს, თავის დამოკიდებულება გააჩნია. თუმცა, ვიმეორებ, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და “ევროპული საქართველოს” პოლიტიკა ამ შემთხვევაში ემთხვევა. და კიდევ ერთხელ ვიმეორემ, საქართველოს აღიარეული აქვს ყველა იმ ქვეყნის ტერიტორია, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია.

– გამოდის, კარაპეტიანი, რომელიც თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, სახელმწიფოს პოზიციას ეწინააღმდეგება და მისი განცხადება ანტისახელმწიფოებრივია?

– ანტისახელმწიფოებრივი არაა… გითხარით, კარაპეტიანის პოზიცია არის მისი პიროვნული პოზიცია, თუმცა არ ვეთანხმებით. მეტსაც გეტყვით, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა გარკვეული მოქმედებების საშუალებას და კრძალავს გარკვეულ მოქმედებას. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისად აგებს პასუხს. მაგრამ ამ განცხადებით არ დარღვეულა კანონმდებლობა, რადგან ეს არის პოზიცია ად არა მოქმედება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ნებისმიერი კონფლიქტი მოგვარდეს მაქსიმალურად მშვიდობიანად.

– კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, თუ კარაპეტიანის განცხადება სახელმწიფოს პოზიციასთან თანხვედრაში არაა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი კანდიდატის პოზიცია სახელმწიფოს პოზიციას ეწინააღმდებება?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარაპეტიანის პოზიცია არის მისი პირადი პოზიცია, მას აქვს უფლება, ჰქონდეს ეს პოზიცია. ერთია პოზიცია და მეორეა მოქმედება. ვიდრე მოქმედება არ იქნება, პოზიციას ვერავის ავუკრძალავთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, განვასხვავოთ ერთმანეთისგან მოქმედება და პოზიცია.

– მსგავსი შინაარსის პოზიცია მმართველი გუნდის რომელიმე ლიდერს რომ დაეფიქსირებინა, იგივე შეფასება გექნებოდათ?

– უმრავლესობის ლიდერს რომ გაეკეთებინა ასეთი განცხადება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მძიმედ შევაფასებდით, იმიტომ, რომ უმრავლესობის ლიდერი ამ წუთში წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკას. უმრავლესობის ლიდერი სახელმწიფო პოლიტიკის სახელით ლაპარაკობს. არსენ კარაპეტიანი კი ლაპარაკობს მისი, როგორც ერთი პიროვნების სახელით.

– მიუხედავად იმისა, რომ კარაპეტიანი პიროვნულ პოზიციას აფიქსირებს, მისი განცხადება თქვენს პარტიას იმიჯს ხომ არ შეულახავს?

– გავიგე, მაგრამ ახლა თუ ეძიებით და თუ გინდათ, რომ ამის გამო შეულახავს იმიჯს, მიდით. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ ვართ ევროპული ტიპის პარტია, სადაც პარტიის წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ და გარდა ამისა პარტიის წევრებსაც აქვთ შეცდომის დაშვების უფლებაც. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ერთი კაცი იტყვის რამეს როგორც ივანიშვილი და ყველა ვიმეორებთ თუთიყუშებივით.

– გამოდის, არსენ კარაპეტიანმა დაუფიქრებლად, მისი პირადი პოზიციიდან გამომდინარე შეცდომა დაუშვა? კიდევ ერხელ გავუსვამ ხაზს, რომ ის თქვენი მაჟორიტარი კანდიდატია…

– გავიგე რასაც მეკითხებით და ქართული არ გესმისთ?! ვერ შევთხნამდებით მაგაზე… გაგიკეთეთ კომენტარი, გითხარით პასუხი და ახლა რაღაცას ეძებთ. მეტი მკაფიო პასუხი რა გაგცეთ. ეს არის მისი პირადი და არა პარტიის პოზიცია. როდესაც ლაპარაკობთ, ეს არის თუ არა დანაშაული, პოზიცია არ არის დანაშაული. მას აქვს თავისი პოზიცია და ისე აცხადებთ, თითქოს დანაშაულთან გვქონდეს საქმე. ეს არ არის დანაშაული, მაგრამ არც მოსაწონი პოზიცია არ არის.

რედაქციისგან: როგორც ვხედავთ, პარტიის წევრთან ინტერვიუ საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა. მკითხველს თავადაც შეუძლია დასკვნის გამოტანა, ეწინააღმდეგება თუ არა “ევროპული საქართველოს” წევრის, არსენ კარაპეტიანის პოზიცია სახელმწიფოს ინტერესებს. მიუხედავად აკაკი ბობოხიძის მტკიცებისა, რომ ეს პოზიცია არის პირადი აზრი და არ ემთხვევა პარტიის პოზიციას, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, მითუმეტეს მაჟორიტარობის კანდიდატს აქვს მორალური ვალდებულება გამოვიდეს სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და არ გააკეთოს ისეთი განცხადება, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ჩვენს სტრატეგიულ და პარტნიორ ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობაში. უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკურ პარტიაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა უნდა იცოდეს, რომ მთავარი არის ერთი – იმ სახელმწიფო ინტერესი, სადაც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

იტვირთბა....