ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიში წარადგინა.

იოსელიანის აპარატის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველ თავში ხაზგასმულია, რომ დღემდე დაუსჯელი არიან თამაზ გინტურის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„განხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებები, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და უკანონო პატიმრობის შემთხვევები, გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეზღუდვები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები. საუბარია ასევე, დევნილთა განსახლების პრობლემებზე.

2024 წელს განსაკუთრებით მძიმე ფორმა მიიღო საპროტესტო აქციებზე გამოვლენილმა უფლებადარღვევებმა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი მოინახულეს. მათგან 360 პირი (57.7%) არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის ჩადენისათვის დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა მზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ქვეყანაში არსებულმა საფრთხის შემცველმა გარემომ და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელმა მოძველებულმა კანონმდებლობამ; ასევე, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ.

დასახვეწია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესები.

სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვთა სიღარიბის მასშტაბები. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 369,924-ს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობას 270,712 ბავშვი იღებს.

სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში, ბოლო წელს 15.6%-დან 16.2%-მდე გაიზარდა. რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ხანდაზმულთა მაჩვენებელიც. ასევე საგულისხმოა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის გამოვლენის, შეფასებისა და რეაგირების ღონისძიებების ხარვეზები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. არ არსებობს ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე შშმ პირთა წვდომის სტანდარტი. გამოწვევებს შორისაა განათლების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძალადობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, მართლმსაჯულებაზე წვდომა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა და ხარისხი“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახნმად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სრული სამოქალაქო ინტეგრაციის მისაღწევად მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელმწიფო ენისა და ბილინგვური განათლების საკითხებს, დასაქმებისა თუ სხვადასხვა სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება და დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

„დაუხვეწავია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი. კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებულ პირთა ნაწილი კვლავ საუბრობდა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. პრობლემურია ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება და პოლიციის სივრცეების ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად აღჭურვა.

თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის რისკი. წინა წლების მსგავსად გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების თანასწორობის დაცვის საკითხები“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვის მიერ სწავლის მიტოვების მზარდი მაჩვენებელი 2024 წელს ოდნავ შემცირდა, თუმცა, სტატისტიკა მაინც მაღალია.

„ბავშვზე ძალადობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ბავშვზე მორგებული მიდგომებისა და ქმედითი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.

სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების – ფიმიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. 2024 წელს გამოვლენილი 25 ქალის მკვლელობის და 17 მკვლელობის მცდელობის ფაქტიდან პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 16 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა – 13 შემთხვევაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....