თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, მთავრობას ამის სრული მზაობა აქვს, მაგრამ სესიაშვილის თქმით, დღეს ამის ნიშნები არ ჩანს.
„ძალიან რთული ვითარებაა, არ ჩანს სურვილი და მიდგომა არც ერთი მხარის მხრიდან, რომ ცეცხლი შეწყდეს, საერთაშორისო აქტორებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს და თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული თუკი მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ ჩავერთოთ სამშვიდობო პროცესში. ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ პროცესს, საგარეო უწყება 24 საათიან რეჟიმში კავშირშია თავის კოლეგებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში და ცხადია, ჩვენ ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, როგორც ცნობილია, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამართეს სატელეფონო კომუნიკაცია თავიანთ პარტნიორ ქვეყნებთან, მე იმედი მაქვს და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს მიგვიყვანს საერთაშორისო კრიზისამდე და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში და ჩვენც ცხადია, ჩვენს მეზობლებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყდეს და მეტი დრო და რესურსი დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო პროექტებს, რომელშიც საქართველოც არის ჩართული საფრთხე არ ემუქრება.