არ წყდება მითქმა-მოთქმა რუსეთში, კერძოდ ომსკის რაიონის საპყრობილეში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის კახა ფარფალიას, მეტსახელად “კახა გალსკის” გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ციხიდან ციხეში გადაყვანის დროს, შევიდა თუ არა ის ომსკის ციხეში, რამდენიმე ხანში მკვდარი იპოვეს საკანში. თავიდანვე იყო ვერსია, რომ ის ციხეში შესვლისას, კარანტინში ადმინისტრაცია ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ზედაპირული გამოკვლევით, კრიმინალურ ავტორიტეტს გული აწუხებდა და გვამის აღმოჩენისას პირზე თეთრი ლაქი მიანიშნებს გულის სერიოზულ დაავადებაზე.
“კახა გალსკის” ახლობლებიც არ უარყოფენ, რომ მას ხშირად აწუხებდა გული და პერიოდულად იძახებდნენ ხოლმე სასწრაფო დახმარებას.
რუსული პრესა წერს, რომ ომსკის საპყრობილეში შესვლისას ე.წ. კანონიერ ქურდს ფიზიკურზე მეტად სერიოზული მორალური ტრავმა მიაყენეს, რადგან შესთავაზეს იატაკის საწმენდისთვის მოეკიდებინა ხელი და წმენდა დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ მისი ცხოვრება ომსკის ციხეში ჯოჯოხეთური იქნებოდა. მოგეხსენებათ, ე.წ. კანონიერი ქურდისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს. ასე რომ, თუკი რუსულ პრესას დავუჯერებთ, კრიმინალურმა ავტორიტეტმა არ შეასრულა ადმინისტრაციის მითითებები და უფრო მეტიც, წინააღმდეგობა გაუწია მათ. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ “კახა გალსკის” გულის შეტევა დაეწყო, რაც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ კახაბერ ფარფალია ქურდულ სამყაროში ავტორიტეტული ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელას “შაქროს” გუნდის წევრი იყო და ციხეში პირველად მოხვდა. რუსული პრესის ინფორმაციით, ომსკის სადისტურ საპყრობილეში გადაყვანა სპეცსამსახურების სურვილი იყო, რომ მიზნისთვის მიეღწიათ და ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სათანადოდ დაესაჯათ. თუმცა, ისინი არ ელოდნენ, რომ “კახა გალსკი” ასე უცებ დაასრულებდა სიცოცხლეს.