“ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულოება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია.”
ნიკოლოზ რევაზიშვილი – ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული
ამის შესახებ ბრალდებულმა “ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ წერილში განაცხადა.
ნიკოლოზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ის ადასტურებს, რომ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მაგრამ მისი იქ ყოფნის ერთადერთი მოტივი იყო, განმეორებით კონფლიქტი არ მომხდარიყო.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.