ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: სკოლამდელი აღზრდის როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ცვლილებების მიმართ ადაპტაცია, გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები, თუ როგორ დაძლიოს პრობლემები.

მისივე თქმით, სკოლამდელი აღზრდის როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე სკოლასა თუ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ისე სოციალური წარმატებისათვის“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესწავლასთან დაკავშირებით, დისტანციურ რეჟიმში ჩაატარა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების ბაგა ბაღების გაერთიანებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თემატური მოკვლევის მხარდამჭერია USAID-ის პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივაა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომიტეტი იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ინსტრუმენტს – თემატურ მოკვლევას.

მისი მიზანია ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა;„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება; მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება; გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის გაცემა.

იტვირთბა....