კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეებისთვის საბანკო სესხებზე საშეღავათო პერიოდი სექტემბრის თვეში იწურება. პირველ ეტაპზე, სესხების გადავადება 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში მოხდა, თუმცა ვირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო, საშეღავათო პერიოდი კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა. სესხების გადავადება ავტომატურად მოხდა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც კორონავირუსის გამო მთავრობის სოციალური დახმარებით სარგებლობდა, დანარჩენ პირებთან კი მოლაპარაკება ინდივიდუალურად ხდებოდა.
“მეტრონომი” დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ბანკების მიერ საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება და რა შეღავათები ექნებათ მომხმარებლებს.
“საქართველოს ბანკში” გვითხრეს, რომ სესხების გადავადება კიდევ მოხდება თუ არა მომხმარებლისთვის, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა შეღავათის გაკეთების მიზნით ფიზიკურ პირებთან ინდივიდუალურად მოხდება მოლაპარაკება.
“წინასწარ პასუხს ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არაა მიღებული. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბანკების ასოციაციამ. თუმცა, მეორეს მხრივ, თუკი კლიენტები მომართავენ ბანკს, ბანკი ცდილობს ყოველთვის გვერდში დაუდგეს კლიენტს.
ცნობილი 3-3-თვიანი გადავადება, რომელიც ყველა ბანკმა გააკეთა, ვერ გეტვით, გაგრძელდება თუ არა. რაც შეეხება ინდივიდუალურად მოლაპარაკებებს, ეს ყველა ბანკს თავისთავად აქვს,” – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
იგივე მიდგომა აქვს “ლიერთი ბანკსაც”, სადაც განაცხადეს, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესებაზე ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სესხებზე საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტაილება მიღებული არ აქვთ ჯერ “ვითიბი ბანკშიც”.
“ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საკრედიტო მენეჯერს და გაესაუბრონ,”- აღნიშნეს ბანკში “მეტრონომთან”.
ამ ეტაპზე მხოლოდ “თიბისი ბანკია”, რომელიც მომხმარებელს სესხებზე შეღავათების გახანგრძლივებას სთავაზობს. როგორც ბანკში განაცხადეს, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე ფიზიკური პირები საშეღავათო პერიოდით სარგებლობას კვლავ შეძლებენ.
“ამ საკითხზე გენერალურმა დირექტორმაც გაავრცელა უკვე ინფორმაცია, რომ ფიზიკურ პირებს, რომელსაც მთავრობა ყოველთვიურად ეხმარება, მათ “თიბისი ბანკი” ავტომატურ რეჟიმში გაუკეთებს შეღავათებს. ეს გაგრძელდება მომავალი 4 თვის განმავლობაში. ხოლო, რაც შეეხება სხვა ფიზიკურ პირებს, მათთან ინდივიდუალურად მოხდება გასაუბრება მომართვის საფუძველზე. მათი სასესხო ისტორიის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება და ვისაც უდგას საჭიროება, გადავადებით ისარგებლებენ,” – განაცხადეს ბანკში “მეტრონომთან.
ისარგებლებენ თუ არა მოქალაქეები საშეღავათო პერიოდის მესამე ეტაპით, ამაზე მთავრობამ გადაწყვეტილება გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ, წესით მეორე ეტაპის დასრულების, ანუ სექტემბრის თვის ბოლო პერიოდში უნდა მიიღოს. მოქალაქეების ნაწილი კი სესხების გადავადებას უკვე ითხოვს და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საპროტესტო აქციებსაც კი მართავს. ამ პერიოდში კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საშეღავათო პერიოდს ბანკები ინდივიდუალურად გაახანგრძლივებენ.
თათია შაიშმელაშვილი