ბაჩალიაშვილმა საფრანგეთში სტაჟირება ისეთ დაწესებულებებში გაიარა, რომლებსაც სპეცსამსახურები აკონტროლებენ – ამის შესახებ, დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილლის საქმის ახალმა ფიგურანტმა, დავით ფურცხვანიძემ განაცხადა.
როგორც ფურცხვანიძე აღნიშნავს, საქმე ეხება ფულის გათეთრების სქემას, რომელშიც მისი თქმით, სწორედ კომპანია ZAG-ის ხელმძღვანელი, აბრაჰამ რეიხბახია დაკავშირებული.
“საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი რეიხბახს საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია ZAG პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული
თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის“- ამბობს ფურცხვანიძე.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.