23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედინინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. ამის შესახებ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურორის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მედიკამენტები მოხვედრილია პირის ღრუს საშუალებით და არა ინექციით.
“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით,”- აცხადებს პროკურორი.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.
“ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით,”- აცხადებს პროკურორი.
როგორც პროკურორი აღიშნავს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
“ასევე გვსურს გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.
“ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან,”- აღნიშნაბს პროკურორი.